ტრანსფერი ახლოვდება — ლისანდრო მარტინესმა მანჩესტერსა და არსენალს შორის არჩევანი გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "აიაქსთან" არგენტინელი მცველის, ლისანდო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ეშმაკუნების" პირველი შეთავაზება 40+5 მილიონი ევრო იყო, მაგრამ ამსტერდამელებმა უარი განაცხადეს. სავარაუდოდ, მხარეები 55 მილიონზე (+ ბონუსები) შეთანხმდებიან, წერს გამოცემა The Athletic-ი.
გარიგების დასახურად შემდგომი მოლაპარაკებები იქნება საჭირო, მაგრამ ზოგიერთი წყარო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ კლუბები კომპრომისს მიაღწევენ.
როგორც იუწყებიან, მარტინესის ტრანსფერზე "არსენალიც" მუშაობდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონურ კლუბს აჯობა. ორივე კლუბის ხელმძღვანელებს სჯეროდათ, რომ ლისანდრო მათ გუნდს სიამოვნებით შეუერთდებოდა. მარტინესს ერიკ ტენ ჰაგთან კვლავ მუშაობის შესაძლებლობა იზიდავს, ამიტომაც "ემიუს" ანიჭებს უპირატესობას. არსებული ცნობით, კონტრაქტის პირობებზე მხარეები უპრობლემოდ შეთანხმდებიან.
24 წლის სამხრეთამერიკელმა "აიაქსის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ამ ზაფხულს მხოლოდ პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს.
მოგეხსენებათ, მარტინესი უფრო ხშირად დაცვის ხაზის ცენტრში თამაშობს, მაგრამ მარცხენა ფლანგზეც შეუძლია ასპარეზობა და მოედნის ცენტრშიც.
"არსენალი" ლისანდროს მარცხენა მცველად განიხილავს, სადაც კირან ტირნისთან მოუწევს კონკურენცია, "ემიუ" კი - ცენტრალურ მცველად. ამ პოზიციაზე მანიკუნიანელებს ჰარი მაგუაირი, ვიქტორ ლინდელოფი და რაფაელ ვარანი ჰყავთ. ერიკ ბაილისაც უნდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა, ფილ ჯონსი კი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.