თომას ტუხელმა ჩელსის ხელმძღვანელობას რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნო
„მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევს კრიშტიანუ რონალდუს, კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი არ აქვს.
როგორც ცნობილია, პორტუგალიელს გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მთელი სეზონის ჩემპიონთა ლიგის გარეშე გატარება არ უნდა.
ბოლო დროს პრესამ ის აქტიურად დაუკავშირა ლონდონის „ჩელსის", რომლის ახალ მფლობელს, ტოდ ბოელის ფეხბურთელის შეძენა სურდა.
თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი რონალდუს მის გუნდში ტრანსფერის წინააღმდეგია. ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა მფლობელთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გერმანელმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს.
ტუხელის უარის შემდეგ, „ჩელსი" სხვა ტრანსფერებზე გადაერთო და დიდი ალბათობით, რონალდუს შეძენაზე აღარ იმუშავებს.