ავტორიზაცია

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — ზინჩენკომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გააგრძელოს

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — ზინჩენკომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გააგრძელოს
თარიღი 15 ივლ 2022, 11:42

"არსენალის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულს "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველის, ალექსანდრ ზინჩენკოს შეძენა უნდა და ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

The Atheltic-ის ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან უკრაინელი გაუშვან, თუ ფინანსურ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ კლუბები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

"მეთოფეები" ზინჩენკოზე "აიაქსის" მცველ ლისანდრო მარტინესისთვის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაერთვნენ. ეს უკანასკნელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან არის ახლოს.

გარდა ამისა, "არსენალს" თავად ზინჩენკოსთანაც მოუწევთ პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება. მოგეხსენებათ, ალექსანდრს ლონდონელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან ერთად უკვე უმუშავია, როცა "სიტიში" პეპ გვარდიოლას დამხმარე იყო.

ეროვნულ გუნდში 25 წლის ფეხბურთელი უფრო ხშირად ნახევარდაცვაში თამაშობს, კლუბში კი, როგორც წესი, მარცხენა მცველის პოზიციაზე.

გასულ სეზონში ზინჩენკომ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ სიტის" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.