45 მილიონი ევრო და ფეხბურთელი: ბარსელონას კუნდეს ტრანსფერის დახურვა უახლოეს დღეებში სურს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სევილიას" მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდება უნდა.
"ბაიერნთან" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კატალონიელთა მთავარ სამიზნედ 23 წლის ფრანგი იქცა, წერს ცნობილი გამოცემა Diario Sport-ი.
არსებული ცნობით, "ბლაუგრანა" ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს. "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან ანდალუსიელებს 45 მილიონი ევრო გადაუხადონ და ერთ-ერთი ფეხბურთელიც დაუთმონ.
"ბარსელონა" კუნდეს თაობაზე მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ჩელსი" მისი შეძენით კვლავ ინტერესდება.
გასულ სეზონში ჟიულმა, რომელსაც "სევილიასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.