ავტორიზაცია

დე იონგი ბარსელონასგან ერთგულების ბონუსს ითხოვს — ხმაურდება კონკრეტული თანხის ოდენობაც

დე იონგი ბარსელონასგან ერთგულების ბონუსს ითხოვს — ხმაურდება კონკრეტული თანხის ოდენობაც
თარიღი 17 Jul 2022, 19:26

"ბარსელონას" ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობისგან ერთგულების ბონუსის მიღება უნდა.

ჰოლანდიელი, რომელიც გუნდს აშშ-ს ტურნეში გაჰყვა, მიუხედავად მისი გაყიდვის თაობაზე "ლურჯ-ბროწეულისფრების" სურვილისა, თანაგუნდელებს კვლავ ეუბნება, რომ ამ ზაფხულს სხვა გუნდში არ გადავა. თუმცა, სიტუაცია კვლავ გაურკვეველია - 25 წლის ფეხბურთელის დარჩენა-არდარჩენის შანსები 50/50-ზეა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, ფრენკიმ "ბარსას" ერთგულების ბონუსის სახით 15 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბის დატოვებას დათანხმდება. დე იონგის აზრით, ამ ბონუსის მიღების უფლება აქვს, რადგან "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა - კლუბი მას ამის გაკეთებას აიძულებს.

"ბლაუგრანას" ბოსებს დე იონგის გასხვისება 30 ივნისამდე სურდათ, მაგრამ ფეხბურთელის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება და ფრენკის მომავალს განიხილავენ. ეს ტრანსფერი "ბარსასთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რის ხარჯზეც ახალწვეულების დარეგისტრირებას მოახერხებს.

დე იონგის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია". მაგრამ ცნობილია, რომ ჰოლანდიელს ინგლისურ გრანდში გადასვლა არ უნდა.