40-45 მლნ ევრო და ფეხბურთელი, რომლის ვინაობაც ცნობილია — ბარსა კუნდეს შეძენაში დარწმუნებულია
"ბარსელონა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ყიდვას გეგმავს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიური გრანდი ფრანგი ფეხბურთელის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია. მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება.
"ბარსელონა" კუნდეს ინგლისურ კლუბში გადასვლის საფრთხეს ვერ გრძნობს, რადგან შეთავაზება ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგების ვარიანტი კუნდესთვის პრიორიტეტულია. ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს უკვე "ბარსაც" ესაუბრა და "სევილიაც". "ბლაუგრანამ" ანდალუსიელების მიერ მოთხოვნილი 60-65 მილიონი ევროს გადახდა იუარა, მენდეში კი შესაძლო ვარიანტებს ეძებდა.
თავდაპირველად, "ბარსელონამ" გარიგებაში რომელიმე თავისი ფეხბურთელის ჩართვის წინადადება გააკეთა, მაგრამ "სევილია" არცერთმა მოთამაშემ არ დააინტერესა. შემდეგ გამოჩნდა მემფის დეპაის ვარიანტი, თუმცა ჰოლანდიელს ანდალუსიური კლუბისთვის ზედმეტად მაღალი ხელფასი აქვს. ამის შემდეგ მენდეშმა შეიტყო, მზად არის თუ არა "ბარსა" ტრანსფერში აბდე ეზალზულის ან ნიკო გონსალესის ჩასართავად. "სევილიას" ეს ფეხბურთელები განსაკუთრებით იზიდავს.
დიდი ალბათობით, კუნდეს ტრანსფერში აბდეს ჩართავენ. ეს უკანასკნელი მომავალ სეზონში პირველი გუნდის რიგებში უნდა გვეხილა, მაგრამ ახლა "ბარსას" ახალწვეულები მის პროგრესს ხელს უშლიან. სწორედ ამ მიზეზით "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან მას შეელიონ და დამატებით 40-45 მილიონი ევროც გადაიხადონ.
მხარეები ხანგრძლივ მოლაპარაკებებს გამართავენ, მაგრამ ფრანგის ტრანსფერის ალბათობა უკვე საკმაოდ დიდია.
გასულ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" ღირსება 44 მატჩში დაიცვა.