იუვემ ინტერს გადაუჯოკრა — ბიანკონერიმ სარფიანი შეთავაზება გააკეთა, პირობებიც ცნობილია
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტორინოს" ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, "ბიანკონერიმ" 47 მილიონ ევროიანი წინადადება გააკეთა: 40 მილიონი პირველი გადახდით, დამატებით 7 მილიონი კი ბონუსების სახით. "იუვეს" გარიგების დახურვა რაც შეიძლება სწრაფად სურს.
"ბებერი ქალბატონი" თავად ბრემერს 5-წლიან კონტრაქტსა და წლიური ხელფასის სახით 5 მილიონზე მეტს სთავაზობს. კლუბში ელიან, რომ ბრაზილიელი ამ პირობებს დათანხმდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით "ინტერიცაა" დაინტერესებული, რომელმაც "ტორინოს" 30 მილიონი ევრო და 19 წლის ნახევარმცველის, ჩეზარე კაზადეის იჯარა შესთავაზა.
გასულ სეზონში ბრემერმა სერია ა-ს 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.