ნაგელსმანი: "ბარსელონას ფული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ სასურველ ფეხბურთელს ყიდულობს, ცოტა უცნაურია"
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ "ბარსელონას" ახალი ფეხბურთელების ყიდვის შესაძლებლობა აქვს.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა "რეკორდმაისტერის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
"ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ ფეხბურთელს ყიდულობს, ვისაც მოისურვებს. არ ვიცი, როგორ აკეთებენ ამას. ცოტა უჩვეულო და სიგიჟეა".
"როცა თავდასხმაში ისეთი ფეხბურთელი გყავს, როგორიც რობერტია, უფრო მეტად ფლანგებიდან თამაშობ".
"ახლა ჩვენი თამაში შეიცვლება. ახალ "ბაიერნს" ვიხილავთ. ეს გამოწვევაა, მე კი გამოწვევები მიყვარს. ახალი გზები უნდა ვიპოვოთ და კრეატიულები ვიყოთ", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.