პაულო დიბალას პირველი განცხადება რომაში გადასვლის შემდეგ
"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ "რომაში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დღეს რომაულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"გასული დღეები ჩემთვის ძალიან ემოციური იყო", - ციტირებს დიბალას სიტყვებს "მგლების" ოფიციალური საიტი.
"ყველაფერი იმ სისწრაფითა და მონდომებით გადაწყდა, რაც "რომამ" ჩემი მოწვევის სურვილში გამოავლინა".
"გადმოვდივარ გუნდში, რომელიც აღმასვლის ეტაპზეა, კლუბი მომავალს სერიოზულ საფუძველს უყრის, ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა კი პრივილეგიაა".
"როგორც "რომას" მეტოქე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმ ატმოსფეროთი, რომელსაც ამ გუნდის გულშემატკივრები ქმნიდნენ. სულმოუთქმელად ველოდები მათთან მისალმების შესაძლებლობას", - დასძინა პაულომ.