რონალდუს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტიღა დარჩა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტიღა დარჩა.
პორტუგალიელს "ეშმაკუნების" რიგებიდან აბარგება სურს - მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლაა.
როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe წერს, 37 წლის სუპერვარსკვლავმა არაბული კლუბის სარფიანი შეთავაზება იუარა. ერთ-ერთი ადგილობრივი კლუბი "ემიუს" მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობდა, აგენტებს საკომისიოს სახით 20 მილიონს ჰპირდებოდა, ხოლო თავად კრიშტიანუს 2-წლიან კონტრაქტსა და 250-მილიონიან ხელფასს.
გარდა ამისა, რონალდუს გარემოცვამ ლისაბონის "სპორტინგში" დაბრუნების ალბათობაც გამორიცხა.
შედეგად, "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა - ან "ატლეტიკოში" გადავა ან "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება. მადრიდული კლუბი კრიშტიანუს ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
როგორც აღინიშნება, "ემიუს" ლიდერის დარჩენის შანსები მცირეა. აგენტ ჟორჟე მენდეშს სურს, რომ პორტუგალიელი წავიდეს, რადგან მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა რონალდუს რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.