ავტორიზაცია

დეპაის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ტოპ კლუბი დაუკავშირდა, ჰოლანდიელის პასუხმა არ დააყოვნა

დეპაის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ტოპ კლუბი დაუკავშირდა, ჰოლანდიელის პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 22 ივლ 2022, 12:32

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ტოპ კლუბის შეთავაზება იუარა, წერს Diario Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელს რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემი" დაუკავშირდა. ლონდონელებს შექმნილი ვითარების გარკვევა და პოტენციური ტრანსფერის შეფასება სურდათ.

გარდა ამისა, "დეზების" წარმომადგენლები მემფისის გარემოცვასაც ესაუბრნენ და გაარკვიეს, რომ დეპაი ინგლისში გადასვლით დაინტერესებული არ არის და უფრო მეტიც, ჯერჯერობით ამ ვარიანტს გამორიცხავს.

როგორც აღინიშნება, 28 წლის შემტევს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა, თუმცა ესმის - მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი მზადაა მხოლოდ ტიტულებისთვის მებრძოლი კლუბების წინადადებები განიხილოს, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება.

დეპაის აზრით, თუ "ბლაუგრანა" ეტაპობრივად მოთხოვნებს შეამცირებს, ასეთი შესაძლებლობა შეიძლება გამოუჩნდეს. ამჟამად კატალონიელები დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვენ.