ავტორიზაცია

MARCA: ბარსელონამ კუნდეს ალტერნატივა შეარჩია და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო

MARCA: ბარსელონამ კუნდეს ალტერნატივა შეარჩია და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო
თარიღი 22 Jul 2022, 17:12

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ვილიარეალის" ცენტრალური მცველის, პაუ ტორესის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca წერს, რადგანაც "სევილიას" უკანახაზელი, ჟიულ კუნდე "ჩელსიში" გადასვლასთანაა ახლოს, კატალონიურმა გრანდმა კვლავ ესპანეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება.

გასულ ზაფხულთან შედარებით, "ვილიარეალში" პაუს გარშემო არსებული ვითარება შეიცვალა. ევროპა ლიგის მოგების, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისა და ამ ტურნირებზე მონაწილეობით მიღებული თანხების გამო, ტორესი სამუშაო ადგილის შეცვლის შესაძლებლობას არ განიხილავდა და არც კლუბის ხელმძღვანელობა აპირებდა მის გაყიდვას. "ტოტენჰემი" პაუში 55 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო.

"ვილიარეალის" აღზრდილს ჩემპიონთა ლიგაზე მშობლიური ქალაქის კლუბის მაისურით უნდოდა თამაში. სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა მისი შენარჩუნებით გახარებულები იყვნენ. მიუხედავად ამისა, რადგანაც მომავალ სეზონში "ყვითელ წყალქვეშა ნავს" კონფერენს ლიგაზე მოუწევს თამაში, ამან ტორესის მომავალზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს.

"ბარსას" წარმომადგენლები პაუს გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ხავი მის თვისებებს კარგად იცნობს. ამჟამად "ბლაუგრანა" დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ კანდიდატად სწორედ ტორესს განიხილავს. გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

გასულ სეზონში ტორესმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.