ავტორიზაცია

"ძალიან ძვირი ღირს", - ნაგელსმანმა კეინის ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"ძალიან ძვირი ღირს", - ნაგელსმანმა კეინის ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა
თარიღი 23 ივლ 2022, 22:47

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის აზრით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი ძალიან ძვირი ღირს.

"ძალიან ძვირია. ჰარი ბურთთან ერთად ძლიერია, ძლიერი სხეულით - მაგრამ ამ ფასად ეს ნამდვილად რთულია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში...", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

აქამდე გერმანულმა გამოცემებმა, Kicker-მა და Sport Bild-მა დაწერეს, რომ მიუნხენური გრანდი, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" წასვლის შემდეგ სუფთა ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა, 29 წლის ინგლისელითაა დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, "დეზების" ლიდერს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.