ოფიციალურად: მერტენსი ნაპოლის ვერ შეუთანხმდა და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს
"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 35 წლის ბელგიელთან, რომელსაც კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ამოეწურა, მოლაპარაკებებს აღარ გამართავს.
"ნაპოლი" გამოცდილ შემტევს წლიური ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. აქამდე იგი 4,5 მილიონს გამოიმუშავებდა და კლუბმა თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პუნქტი არ გააქტიურა.
როგორც ცნობილი გამოცემა Football Italia იტყობინება, დიდი ალბათობით, დრისი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს.
მერტენსი "ნაპოლიში" 2013/14 წლების სეზონიდან ირიცხებოდა, ამ დროის განმავლობაში მან 397 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 148 გოლი გაიტანა. იგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.