ხავისაც ესაუბრა და ტუხელსაც — გაირკვა მიზეზი, თუ რატომ ამჯობინა კუნდემ ბარსელონა ჩელსის
ცნობილი გახდა, თუ რატომ თქვა "სევილიას" ცენტრალურმა მცველმა, ჟიულ კუნდემ "ჩელსიში" გადასვლაზე უარი.
როგორც COPE-ს ჟურნალისტი, ელენა კონდის ედო იტყობინება, ფრანგმა არჩევანი სპორტული კრიტერიუმებით გააკეთა და "ბარსელონაში" გადაბარგება გადაწყვიტა.
"ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ ხავისთან და "არისტოკრატთა" დამრიგებელ ტომას ტუხელთან საუბრის შემდეგ, კუნდემ ჩათვალა, რომ კატალონიელთა პროექტი უფრო დამაჯერებელია.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" "სევილიასთვის" ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, მაგრამ უკვე ამზადებს. "ლურჯ-ბროწეულისფრები" არანაკლებ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ცნობისთვის, 23 წლის უკანახაზელს ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.