ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია — კუნდე ბარსელონას უფრო და უფრო უახლოვდება

პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია — კუნდე ბარსელონას უფრო და უფრო უახლოვდება
თარიღი 24 ივლ 2022, 17:45

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ბარსელონაში" გადასვლას უფრო და უფრო უახლოვდება, იტყობინება Diario Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა 23 წლის ფრანგთან 4-წლიან კონტრაქტზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. "ბლაუგრანა" ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირაში აპირებს.

"ჩელსის" წინადადებასთან შედარებით, ანდალუსიურ კლუბს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ შეთავაზებული ტრანსფერის ფორმულა უფრო მოსწონს. ლონდონელები მზად იყვნენ კუნდეში 65 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით და ბონუსებზე გადანაწილებით. "ბარსა" შედარებით ნაკლებს იხდის, მაგრამ ერთიანად.

როგორც აღინიშნება, კუნდეს შეძენა კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ხავის განსაკუთრებული სურვილი იყო. გარიგების დახურვის შემდეგ, გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნები ბოლომდე შესრულდება.

ცნობისთვის, "სევილიას" მცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.