ავტორიზაცია

ხავი დეპაის პირადად შეხვდა და აუხსნა, თუ რატომ უნდა დატოვოს ბარსელონა — AS

ხავი დეპაის პირადად შეხვდა და აუხსნა, თუ რატომ უნდა დატოვოს ბარსელონა — AS
თარიღი 25 ივლ 2022, 10:55

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ მემფის დეპაის გასხვისება სურს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი აშშ-ში ჰოლანდიელს პირადად შეხვდა. სპეციალისტი ფეხბურთელთან გულახდილი იყო და არ დამალა, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა 28 წლის შემტევი.

ასე და ამგვარად, ხავიმ დეპაის აცნობა, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას დამატების, აგრეთვე უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი სათამაშო დრო მინიმუმამდე შემცირდება. ამიტომაც, "ბარსას" თავკაცმა ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნა ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელ სეზონს სკამზე გაატარებს.

"ბარსელონას" მემფისის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება, კლუბი მის სანაცვლოდ დიდ თანხას ვერ ითხოვს. როგორც "ბარსაში" ფიქრობენ, თავდამსხმელით პრემიერ ლიგიდან ინტერესდებიან, ამიტომაც კლუბი შესაფერის წინადადებებს ელოდება.

დეპაის წასვლა "ბარსას" სახელფასო ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ლევანდოვსკისთვის 9-ნომრიანი მაისურიც გათავისუფლდება.

მოგეხსენებათ, მემფისი "ბლაუგრანაში" გასულ ზაფხულს გადავიდა. 2021/22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.