ცნობილია მთავარი მიზეზი, რის გამოც რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურს — ფაბრიციო რომანო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ კრიშტიანუ რონალდუ გუნდში დარჩენაზე დაითანხმოს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერში დაბრუნდა. 37 წლის თავდამსხმელი მზად არის კლუბის წარმომადგენლებთან თავისი მომავალი განიხილოს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, შექმნილ ვითარებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ჰოლანდიელ სპეციალისტს. ეს უკანასკნელი ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ კრიშტიანუ სჭირდება და ახლა მას სიტუაციის განსახილველად პირადად შეხვდება. უკანასკნელად მათ მაისის ბოლოს ილაპარაკეს - მაშინ საუბარი ძალიან პოზიტიური გამოდგა.
რონალდუ ყოველთვის ეუბნებოდა ახლობლებს, რომ ტენ ჰაგს ძალიან ძლიერ მწვრთნელად თვლის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაფერისია. კლუბიდან წასვლა მას არა მწვრთნელის, არამედ იმის გამო სურს, თუ როგორ ფუნქციონირებს "ემიუ". კრიშტიანუ კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილოა, ეჭვი ეპარება იმაში, რომ "ეშმაკუნები" "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტისა" და სხვა კლუბებს დიდი ტურნირების მოგებისთვის კონკურენციას გაუწევენ.
მიუხედავად ამისა, რონალდუ ტენ ჰაგს ტოპ მწვრთნელად მიიჩნევს, ამიტომაც ერიკს ფეხბურთელთან დალაპარაკება და მისი გადარწმუნება უნდა.
ამავე დროს, პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძიებას აგრძელებს. ამჟამად გამოცდილი ფორვარდის თაობაზე სერიოზული წინადადება არ არის და "მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებს, რომ მის გაყიდვას არ აპირებს.