გადაწყვეტილი ამბავია — ბარსელონაში ლევანდოვსკის სათამაშო ნომერი პრაქტიკულად გარკვეულია
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდის ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 9-ნომრიანი მაისური მოირგოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიურ გრანდში მხოლოდ ამ ვარიანტს განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხრიანი ამჟამად მემფის დეპაის ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს დაჰპირდნენ, რომ გუნდის 9 ნომერი სწორედ ის იქნება.
თავის მხრივ, ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა უკვე იცის, რომ ახალი კლუბი უნდა მოძებნოს. ლევანდოვსკის და რაფინიას დამატების, უსმან დემბელესთან კი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, "ბარსამ" დეპაისთან და მარტინ ბრეიტუეიტთან განშორება გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, რობერტი "ბლაუგრანა" ამ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიდან" 50 მილიონ ევროდ დაიმატა, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.