ავტორიზაცია

"ვრჩები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიდევ 6 თავდამსხმელს მოიყვანენ", - დეპაიმ ბარსელონას ფეხბურთელებს მიმართა

"ვრჩები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიდევ 6 თავდამსხმელს მოიყვანენ", - დეპაიმ ბარსელონას ფეხბურთელებს მიმართა
თარიღი 29 ივლ 2022, 16:59

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ თანაგუნდელებს აცნობა, რომ კატალონიური გრანდის დატოვებას არ აპირებს.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" 28 წლის ჰოლანდიელის გაშვება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა თავად დარჩენა უნდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, გასახდელში მემფისმა "ბარსას" ფეხბურთელებს მიმართა და უთხრა: "ვრჩები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიდევ 6 თავდამსხმელს იყიდიან".

დეპაი "ბარსას" საქციელით გაოგნებულია, რადგან იგი გუნდს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდა. მემფისს არ უნდა, რომ გამოიყენონ - უფასოდ დაიმატეს და ახლა 20 მილიონ ევროდ ყიდიან.

ამ დროისთვის, ჰოლანდიელი მკაფიო პოზიციას იკავებს: "ბარსელონასთან" 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვას გეგმავს და გუნდის შეცვლაზე არ ფიქრობს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, "ბარსელონა" დეპაის კუთვნილი 9-ნომრიანი მაისურით გადაცემას რობერტ ლევანდოვსკისთვის აპირებს. გარდა ამისა, ხავიმ მემფისი გააფრთხილა, რომ თუ დარჩება, მთელი სეზონი თადარიგში ყოფნა მოუწევს.

გასულ სეზონში გამოცდილმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.