პსჟ-ს ახალწვეული: "არ მეშინია – ერთ ღამეში არც მბაპე, მესი და ნეიმარი გამხდარან დიდებული ფეხბურთელები"

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულმა, უგო ეკიტიკემ განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში არსებული კონკურენციის არ ეშინია.
"არაფრის არ მეშინია, უმაღლეს დონეზე ასვლა მსურს. "პსჟ" საფრანგეთის და მსოფლიოს უდიდესი კლუბია. რატომ უნდა გადადგა პატარა ნაბიჯები, როცა ამბიციური ხარ და იცი, რა გინდა? ამაზე დავფიქრდი, როცა "პსჟ"-ს ინტერესის შესახებ შევიტყვე. ვფიქრობ, დიდებული ფეხბურთელები არ იბადებიან - ასეთები ხდებიან".
"რატომ უნდა მქონდეს კომპლექსები? ყველა მათგანს (კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი) წარმოუდგენელი კარიერა აქვს, დიდი ჩემპიონები არიან. მაგრამ მათაც ასე დაიწყეს. თითოეული მათგანის კარიერაში იყო მომენტი, როცა ერთი ტიტულიც კი არ ჰქონდათ მოგებული. მე ჯერ კიდევ ამ ეტაპზე ვარ".
"სწორედ ამიტომ, დაკომპლექსების ნაცვლად საკუთარ თავს ვეუბნები, რომ სწორ ადგილას აღმოჩენისა და შესაბამის ფეხბურთელებთან ერთად პროგრესირების შანსი მივიღე", - თქვა 20 წლის ფორვარდმა Le Parisien-თან ინტერვიუში.
2021/22 წლების სეზონში ეკიტიკემ "რეიმსის" მაისურით ლიგა 1-ის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა.