ავტორიზაცია

სევილიას დირექტორმა დეტალურად ახსნა, თუ რატომ გაყიდა კლუბმა კუნდე ბარსაში და არა ჩელსიში

სევილიას დირექტორმა დეტალურად ახსნა, თუ რატომ გაყიდა კლუბმა კუნდე ბარსაში და არა ჩელსიში
თარიღი 30 ივლ 2022, 15:59

"სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ როდრიგეს მონჩიმ განმარტა, თუ რატომ გაყიდა კლუბმა ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ბარსელონაში".

ანდალუსიელთა ფუნქციონერმა აღიარა, რომ "სევილია" 23 წლის ფრანგის თაობაზე "ჩელსისთან" იყო შეთანხმებული.

"კუნდეს სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში უფრო მეტი მსურველი ჰყავდა, ვიდრე მიწურულს. "ჩელსი" მისთვის ბოლომდე იბრძოდა. გასულ ხუთშაბათს "ჩელსისთანაც" მივაღწიეთ სიტყვიერ შეთანხმებას და კუნდესთანაც. მაგრამ ბოლო მომენტში "ჩელსის" ეჭვი შეეპარა. ამან გამოიწვია ის, რომ შაბათ-კვირას მოლაპარაკებები შეწყდა, ორშაბათს კი "ბარსელონა" დაგვიკავშირდა. იქამდე არა".

"ბარსამ" სასურველზე ნაკლები შემოგვთავაზა. მაგრამ მაინც დიდი თანხაა - "სევილიას" ისტორიაში ყველაზე დიდი. საქმე არა მხოლოდ ფასში, არამედ ვადებშიცაა".

"გარდა ამისა, კუნდეს კონტრაქტი ორ წელიწადში ეწურებოდა. მომავალ ზაფხულს უკვე მკვდრები ვიქნებოდით. შუამავლებისა და საკომისიოს გარეშე შევძელით დიდი ფულის მიღება. ძალიან კარგი შემოთავაზება იყო. ფეხბურთელის ფასს ბაზარი განსაზღვრავს".

"ზედიზედ სამი წელიწადია მასში დაახლოებით ამდენს გვთავაზობენ (50 მილიონი ევრო). უნდა გაგვეყიდა და ამას მშვიდად ვაღიარებთ. ეს იყო საუკეთესო შემოთავაზება, რომელიც მიგვიღია. კმაყოფილი ვარ. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და "სევილიას" ინტერესები დავიცავით".

"დიახ, "ჩელსის" ნამდვილად უნდოდა მოლაპარაკებებში დაბრუნება, მაგრამ "ბარსელონას" წინადადება უკეთესი იყო. "ბარსელონასგან" უკეთესი შემოთავაზება მოგვივიდა", - ციტირებს მონჩის სიტყვებს Marca.