FIFPro სიტუაციას აკვირდება — ბარსას დე იონგის ვალი აქვს და ხელფასის შემცირებას სთხოვს

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro) "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს.
აქამდე გავრცელებული ცნობით, ხელფასისა და ბონუსების მიხედვით, კატალონიურ გრანდს ჰოლანდიელის ვალი აქვს - საუბარია დაახლოებით 20 მილიონ ევროზე.
თუმცა, როგორც Daily Mail-ი The Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, კლუბს სურს, რომ ფეხბურთელი ამ ვალის 7 მილიონამდე შემცირებას დათანხმდეს.
გარდა ამისა, "ბარსაში" დასარჩენად დე იონგს წლიური ანაზღაურების 12-დან 7 მილიონამდე დაკლება მოუწევს.
FIFPro-ს წყაროებმა დაადასტურეს, რომ ორგანიზაცია ვითარებას აკვირდება, მაგრამ იუწყებიან, რომ ასეთი სიტუაციები საკმაოდ რეგულარულად იქმნება და "სისტემის მოშლის სიმპტომია".