ავტორიზაცია

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია — მემფის დეპაის სერიოზული მსურველი ჰყავს

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია — მემფის დეპაის სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 31 ივლ 2022, 12:04

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს.

როგორც Diario Sport-ი იტყობინება, "იუვენტუსი" კატალონიელებთან ჰოლანდიელის იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ გარიგების დასახურად ფეხბურთელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას უნდა დათანხმდეს.

მიუხედავად ამისა, 28 წლის ფორვარდი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სადმე წასვლა უღირს, რადგან მისი აზრით, ჯერ კიდევ მიეცემა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თავის გამოჩენის შანსი. აღნიშნულ საკითხში გადამწყვეტი როლი შესაძლოა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღების საჭიროებამ ითამაშოს.

"იუვენტუსს" ამ ზაფხულს დეპაის ყიდვის საშუალება არ ექნება, ამიტომაც "ბარსა" მზადაა იგი არენდით გაუშვას, მაგრამ იმ პირობით, თუ ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულება იქნება გათვალისწინებული. კატალონიელები მემფისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.

გასულ სეზონში გამოცდილმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.