თუ ფრენკი წავა, ბერნარდუ მოვა — ბარსას დე იონგის თაობაზე ორი გრანდი დაუკავშირდა
"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა "ბლაუგრანას" აცნობა, რომ 25 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.
ივლისის დასაწყისში "ჩელსის" თანამფლობელი, ტოდ ბოელი ბარსელონას ეწვია და კატალონიური გრანდის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ერთად ივახშმა. ამ შეხვედრაზე ბოელიმ განაცხადა, რომ "არისტოკრატები" სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს გაუშვებენ, თუ მათთვის დამაკმაყოფილებელ თანხას შესთავაზებენ.
გარდა ამისა, ბოელიმ ისიც იკითხა, შესაძლებელია თუ არა დე იონგის ტრანსფერი ამ ზაფხულს. მაშინ ლაპორტამ "ბარსას" სახელით "ჩელსის" ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვის ნებართვა მისცა. ლონდონური კლუბი ფრენკის ხელში ჩაგდებას ეცდება და იცის, რომ "ბარსა" მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. ამ თანხაზე "ლურჯ-ბროწეულისფრები" უკვე შეუთანხმდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ "ეშმაკუნები" ჯერჯერობით დე იონგის დათანხმებას ვერ ახერხებენ.
დე იონგს "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა, მაგრამ "ჩელსის" ვარიანტი შეიძლება განიხილოს, რადგან ეს კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. მიუხედავად მოლაპარაკებებში ლონდონური კლუბის ჩართვისა, "ემიუ" კვლავ ცდილობს ფრენკის დარწმუნებას.
თუ დე იონგი "ბლაუგრანას" მაინც დატოვებს, მაშინ კატალონიური გრანდი უმალვე "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ხელში ჩაგდებას ეცდება.