ვან დეიკი: "ჰოლანდი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მცველების ცხოვრებას საშინელს გახდის, მაგრამ ჩვენ გავაჩერეთ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ინგლისის სუპერთასზე მერსისაიდულ კლუბთან (1:3) გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
"ცხადია, ჰოლანდს ბევრი თვისება აქვს და მცველებს ცხოვრებას გაურთულებს. ინგლისში მცველების ცხოვრებას საშინელს გახდის!".
"მეტოქის კარისკენაა მიმართული. ყველაფერი აქვს: იცის თავით თამაში, სწრაფია. მაგრამ ჩვენ გავაჩერეთ. 1-2 მომენტი ჰქონდა, თუმცა დანარჩენ ეპიზოდებში კარგად ვიმუშავეთ", - ციტირებს ჰოლანდიელი მცველის სიტყვებს Goal.com-ი.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჰოლანდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდიდან" 60 მილიონ ევროდ იყიდა.