ავტორიზაცია

დე იონგი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე კვლავ უარს აცხადებს და უპირატესობას სხვა ორ კლუბს ანიჭებს

დე იონგი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე კვლავ უარს აცხადებს და უპირატესობას სხვა ორ კლუბს ანიჭებს
თარიღი 02 აგვ 2022, 17:57

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე კვლავ უარს აცხადებს.

კატალონიურმა გრანდმა ჰოლანდიელსა და მის აგენტს აცნობა, რომ განშორება სურს, მაგრამ ფეხბურთელი "ეშმაკუნების" რიგებში გადაბარგებას არ აპირებს, მიუხედავად ინგლისური კლუბის მხრიდან არსებული მიმზიდველი წინადადებისა.

ამჟამად "ბლაუგრანას" მაგიდაზე მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება უდევს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

დე იონგს მანჩესტერში ცხოვრება და იმ გუნდში თამაში არ უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ იასპარეზებს. გარდა ამისა, ფრენკი ფიქრობს, რომ მანიკუნიანელებს არც 2023/24 წლების სეზონისთვის ექნებათ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული.

ფრენკის "ბარსადან" წასვლა არ უნდა, მაგრამ შესაძლოა აზრი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის შეთავაზებამ შეაცვლევინოს. ასეთებად იგი "ბაიერნსა" და "ჩელსის" თვლის.

მიუნხენი და ლონდონი დე იონგისთვის საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქებია. ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ამ გუნდების რიგებში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს. თუმცა, მიუხედავად ფრენკის სურვილისა, "ბაიერნი" მისით დაინტერესებული არ არის, "ჩელსის" კი კატალონიელებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავთ.

თუ დე იონგი "ბარსადან" წასვლაზე კატეგორიულ უარს განაცხადებს, მაშინ ხელფასს შეუმცირებენ. როგორც კლუბში ფიქრობენ, ფეხბურთელის გადარწმუნება რთული იქნება. "ბარსაში" მიაჩნიათ, რომ ფრენკის დარწმუნება მხოლოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავის სიტყვებს შეუძლია, მცირე სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით.