ავტორიზაცია

ლაპორტამ დაადასტურა — ბარსელონა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს

ლაპორტამ დაადასტურა — ბარსელონა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს
თარიღი 03 Aug 2022, 10:37

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ახალწვეულებს მესამე ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედების შემდეგ დაარეგისტრირებს.

ამ ზაფხულს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ტრანსფერებში 150 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია დიასი და ჟიულ კუნდე შეიძინეს.

გარდა ამისა, კატალონიურ გრანდს უფასოდ შეუერთდნენ ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი, უსმან დემბელემ კი კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ფირმა Barça Studios-ის 25%-ის 100 მილიონ ევროდ გაყიდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევა დაადასტურა.

"საშინაო დავალებას ვასრულებთ, რათა ფეხბურთელები დავარეგისტრიროთ. ამ ფინანსურ ოპერაციებზე კლუბის გადასარჩენად და ახალი მოთამაშეების შესაძენად წავედით. ვიმედოვნებ, აღარ დაგვჭირდება".

"კონტროლირებადი რისკია. ახლა ვფიქრობთ, რომ ამ გარიგების დახმარებით ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებას შევძლებთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ESPN-ი.

კატალონიელებმა აქამდე ფონდ Sixth Street-ს 25 წლით აუდიოვიზუალური უფლებების 10% მიჰყიდეს. შემდეგ კლუბმა ამავე კომპანიას კიდევ 15% მიჰყიდა. ეს გარიგება 320-330 მილიონიდან 400 მილიონ ევრომდე იყო შეფასებული.