ლევანდოვსკი ბაიერნს საჩუქრებით გამოემშვიდობა — რაზე შეუთანხმდა პოლონელი სალიჰამიჯიჩს?
ცნობილი გახდა "ბაიერნის" ყოფილ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენურ გრანდთან გამომშვიდობების ახალი დეტალები.
როგორც Bayern & Germany იტყობინება, პოლონელი "რეკორდმაისტერის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა და შეუთანხმდა, რომ მომავალში მხარეები ერთმანეთზე ცუდად აღარ ილაპარაკებენ.
გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" ყველა ფეხბურთელსა და პერსონალს საჩუქრად შეფუთული თავისი ავტოგრაფიანი ბოთლი შამპანური და კლუბში გატარებული პერიოდის ფოტო აჩუქა.
მოგეხსენებათ, 33 წლის სუპერვარსკვლავი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავდა და გუნდს "დორტმუნდიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდიანრე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" "ბაიერნს" ლევანდოვსკის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.