ავტორიზაცია

ბარსას პიკეს ვალი აქვს და ახალწვეულებს ვერ არეგისტრირებს — რას აპირებენ კატალონიელები?

ბარსას პიკეს ვალი აქვს და ახალწვეულებს ვერ არეგისტრირებს — რას აპირებენ კატალონიელები?
თარიღი 05 Aug 2022, 15:22

"ბარსელონას" ბოსები გუნდის ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს მაღალი ხელფასის გამო ახალწვეულებს ვერ არეგისტრირებენ.

როგორც Diari ARA იტყობინება, 2022/23 წლების სეზონში კატალონიურმა გრანდმა 35 წლის ფეხბურთელს 52 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღინიშნება, რომ ზემოთნახსენებ თანხაში შედის ესპანელის ანაზღაურება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული გადასახადი, აგრეთვე ხელფასის ის ნაწილი, რომლის მოგვიანებით მიღებასაც დათანხმდა, რათა "ბარსას" გასულ ზაფხულს მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას დარეგისტრირებაში დახმარებოდა. მაშინ ხერარდმა შემოსავალის დაახლოებით 70%-ზე თქვა უარი.

ამ კვირაში "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა და კლუბის სპორტული ხელმძღვანელობა პიკესა და მის წარმომადგენელს, არტურო კანალესს შეხვდნენ. ფეხბურთელის მხარეს აცნობეს, რომ ამჟამინდელი სახელფასო ჭერის მიხედვით 52 მილიონის გადახდა შეუძლებელია, ამიტომაც გარკვეული ცვლილებებია საჭირო.

პიკეს "ბლაუგრანაში" დარჩენა ძალიან უნდა, მიუხედავად კატალონიელთა დაცვის ხაზში არსებული მაღალი კონკურენციისა. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ ხერარდს ხელფასის დაკლებაზე დათანხმებისკენ მოუწოდა.

"ბარსელონასთან" დაახლოებული წყაროების ცნობით, გამოცდილმა მცველმა ტრავმა მოირჩინა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან აწუხებდა, მაგრამ გუნდში მაინც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ იგი ფორმის შენარჩუნებას მოახერხებს, თანაც მაშინ, როცა კვირაში ორი მატჩი იქნება ჩასატარებელი. "გარდა ამისა, მას ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს", - აცხადებენ წყაროები.

პიკეს ამჟამინდელი სიტუაცია "ბარსელონაში" ფრენკი დე იონგის მდგომარეობას ჰგავს - გუნდში არ აქვს ისეთი როლი, რომ ამხელა ხელფასს იღებდეს. ამიტომაც, პიკესა და დე იონგს დათმობებზე წასვლა მოუწევთ, თუ კლუბში დარჩენა სურთ.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბარსელონას" მესამე ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება ფრანკ კესიეს, ანდრეას კრისტენსენის, რობერტ ლევანდოვსკის, რაფინია დიასისა და ჟიულ კუნდეს დარეგისტრირებაში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, დასარეგისტრირებელნი არიან უსმან დემბელე, სერხი რობერტო, გავი და რონალდ არაუხოც, რომლებმაც "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

კატალონიურმა გრანდმა სახელფასო ხარჯები 560-დან 400 მილიონ ევრომდე უნდა შეამციროს.