მარკოს ალონსოს ბარსელონაში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია — ფაბრიციო რომანო
"ჩელსის" მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო "ბარსელონაში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბრაიტონიდან" მარკ კუკურელიას დამატების შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელის "ბარსაში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.
როგორც აღინიშნება, 31 წლის უკანახაზელის თაობაზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება დაიხურება. ამჟამად კლუბები და ფეხბურთელი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის თანხმობას ელოდებიან.
ცნობისთვის, ალონსო "არისტოკრატების" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.