ორი ფეხბურთელი, რომელიც მზადაა ბარსას ახალწვეულების დარეგისტრირებაში დაეხმაროს
"ბარსელონას" კაპიტნები, ხერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი მზად არიან კატალონიური გრანდის დასახმარებლად ხელფასი დაიკლონ.
ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება ახალწვეულების დასარეგისტრირებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომაც "ბლაუგრანამ" გუნდის ვეტერან ფეხბურთელებს თხოვნით მიმართა.
"ბარსას" ხელმძღვანელობა გუშინ პიკესა და ბუსკეტსს შეხვდა. ორივე მათგანმა კლუბის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, წერს Mundo Deportivo.
აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს პიკე ხელფასის ნაწილის გადავადებას დათანხმდა, რათა "ბარსას" ერიკ გარსია და მემფის დეპაი დაერეგისტრირებინა. ამ ზაფხულს ეს გზა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს - დიდი ალბათობით, ხერარდს ანაზღაურების გარკვეულ ნაწილზე უარის თქმა მოუწევს.
უახლოეს პერიოდში მოთამაშეთა აგენტები "ბარსას" ხელმძღვანელებს შეხვდებიან. კონტრაქტების პირობები მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" უკვე იცის, რომ შეუძლია პიკესა და ბუსკეტსის იმედი ჰქონდეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ხერარდის ვალი აქვს და 2022/23 წლების სეზონში 52 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.