ხავის პოზიციაც გაირკვა — ბარსელონაში ობამეიანგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი გუნდის თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაშვების წინააღმდეგია, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სპეციალისტს გაბონელი სჭირდება, მიუხედავად ამ უკანასკნელისადმი "ჩელსის" ინტერესისა.
ხავი გუნდის თამაშში ობამეიანგის მიერ შეტანილი წვლილით კმაყოფილია. რობერტ ლევანდოვსკის გადმოსვლის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელს მიაჩნია, რომ გუნდში ევროპის ორი საუკეთესო ცენტრფორვარდი ჰყავს. მისი აზრით, ობამეიანგსა და ლევანდოვსკის გოლების ნაკლებობას აანაზღაურებენ, რისი პრობლემაც კლუბს ლიონელ მესის წასვლის შემდეგ გაუჩნდა.
როგორც აღინიშნება, "ჩელსი" "ბარსელონას" 33 წლის აფრიკელი თავდამსხმელის ტრანსფერზე არ დაკავშირებია.
თავის მხრივ, ახლა არც თავად ობამეიანგი ფიქრობს "ბლაუგრანადან" წასვლაზე. კატალონიურ გრანდთან ერთად მას ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ფიქრობს, რომ ამ მიზნის მიღწევას შეძლებს.