ავტორიზაცია

რატომ არიან ისკო და მარსელო დღემდე უგუნდოდ?

რატომ არიან ისკო და მარსელო დღემდე უგუნდოდ?
თარიღი 05 აგვ 2022, 18:47

"რეალიდან" წასვლის შემდეგ, ისკო და მარსელო ახალი კლუბის პოვნას ვერ ახერხებენ, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა AS-ი.

როგორც აღინიშნება, ორივე ფეხბურთელს ტოპ დონეზე სურს თამაშის გაგრძელება და მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლაა.

ესპანელმა და ბრაზილიელმა მადრიდული გრანდის დატოვებისთანავე ყატარული და ამერიკული კლუბებისგან წინადადებები მიღეს, მაგრამ კარიერის გაგრძელების ასეთი ვარიანტები მათ არ აინტერესებთ. ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბების შემოთავაზებას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ისკოს მარსელოზე ნაკლები წინადადება ედო მაგიდაზე, მაგრამ ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო. 30 წლის ნახევარმცველს "სევილია" დაუკავშირდა, მაგრამ ანდალუსიელთა სპორტული დირექტორი, რამონ როდრიგესი მანჩი უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებს. ისკოს "ბეტისიც" დაუკავშირდა - ამ კლუბთან მან წინასწარი ხელშეკრულებაც კი გააფორმა, რომელიც ძალაში იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ისკოსთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კონკრეტული ვარიანტი "რომა" გახლდათ. ჟოზე მოურინიო პირადად ცდილობდა ფეხბურთელის დაყოლიებას. მიუხედავად ამისა, ისკომ უარი განაცხადა, რადგან "მგლები" ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობენ.

მარსელომ ყატარული კლუბის შეთავაზება იუარა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მისი აზრით, ტოპ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია. 34 წლის მცველს "ვალიადოლიდიც" დაუკავშირდა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბრაზილიელს მადრიდის დატოვება არ უნდა.

ჯერჯერობით არც ისკომ და არც მარსელომ არ იციან, თუ სად გაატარებენ მომდევნო სეზონს..