ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის პრიორიტეტი კვლავ დე იონგია, მაგრამ სამი ალტერნატიული ვარიანტიც შეარჩია

მანჩესტერ იუნაიტედის პრიორიტეტი კვლავ დე იონგია, მაგრამ სამი ალტერნატიული ვარიანტიც შეარჩია
თარიღი 08 Aug 2022, 12:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ნაპოლის" ნახევარმცველ ფაბიან რუისში "ბარსელონას" ჰავბეკის, ფრენკი დე იონგის ალტერნატივას ხედავს.

ინგლისური კლუბი თითქმის მთელი ზაფხულია ჰოლანდიელის ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ მის შეძენას ვერ ახერხებს, ამიტომაც სათადარიგო ვარიანტები შეარჩია.

"ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ამ ზაფხულს ტოპ დონის ცენტრალური ნახევარმცველის დამატება ძალიან უნდა და "ნაპოლის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს დე იონგის იდეალურ ალტერნატივად მიიჩნევს, იმ შემთხვევისთვის, თუ ფრენკის შეძენა ვერ მოხერხდება, წერს Goal.com-ი.

ტენ ჰაგის აზრით, ფაბიანი "ემიუს" თამაშის წარმართვას მოახერხებს და დაცვიდან შეტევაში ხარისხიანი გადასვლის გარანტიას მისცემს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თითქმის ერთი თვის წინ "ბარსელონასთან" 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა, მაგრამ გარიგება ვერ იხურება, რადგან თავად ჰოლანდიელი წასვლაზე უარს აცხადებს.

"ემიუში" ფრენკის ხელში ჩაგდების მაინც სჯერათ, მაგრამ ფაბიან რუისისადმი მათი ინტერესი იმისკენ მიუთითებს, რომ კლუბის მოთმინება იწურება. გარდა ამისა, მანიკუნიანელები იური ტილემანსითა ("ლესტერი") და რუბენ ნევეშით ("ვულვერჰემპტონი") ინტერესდებიან.

თუმცა, რადგანაც რუისს "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მისი ვარიანტი ბევრად მიმზიდველია.