ავტორიზაცია

7 ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად 5 დღე დარჩა — როგორ აპირებს ბარსა ამ საკითხის მოგვარებას?

7 ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად 5 დღე დარჩა — როგორ აპირებს ბარსა ამ საკითხის მოგვარებას?
თარიღი 08 Aug 2022, 14:59

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნაყიდი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად ხუთი დღე დარჩა.

ამჟამად რობერტ ლევანდოვსკის, რაფინია დიასს, ანდრეა კრისტენსენს, ფრანკ კესიესა და ჟიულ კუნდეს, აგრეთვე უსმან დემბელესა და სერხი რობერტოს, რომლებმაც ახალი კონტრაქტები გააფორმეს, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ, რადგან "ბარსას" ისინი ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია.

ლა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, "რაიო ვალეკანოსთან" გასამართ მატჩამდე ხუთი დღეა დარჩენილი - შეხვედრა შაბათსაა დაგეგმილი.

როგორც Diario Sport-ი წერს, "ბარსელონას" ეკონომიკური დეპარტამენტი გამოსავალს ეძებს მას შემდეგ, რაც ლა ლიგამ კლუბს აცნობა, რომ ჯერჯერობით ახალწვეულების დასარეგისტრირებლად საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი ხელფასების შემცირება იქნება. "ბარსა" ამ საკითხზე ფრენკი დე იონგთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხერარდ პიკესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენკისთან შეთანხმებაა, რადგან "ბლაუგრანას" მისი ამჟამინდელი ანაზღაურების დაფარვა არ შეუძლია. რამდენიმე კვირაა კლუბში მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავენ - დე იონგი ან ხელფასის დაკლებას დათანხმდება ან გაყიდიან.

გარდა ამისა, "ბარსელონა" უახლოეს პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელს უნდა შეელიოს. პირველ რიგში, კატალონიელები მარტინ ბრეიტუეიტისა და მემფის დეპაის გაშვებას აპირებენ. გარდა ამისა, "ბარსამ" შესაძლოა ნიკო გონსალესი და ალექს ბალდეც გაუშვას, მაგრამ მათი წასვლა ნაკლებად საჭიროა. ამ ფეხბურთელების მომავალი "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას პოტენციურ ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული.

"ბარსელონა" ამჟამად მთლიანად ახალწვეულების დარეგისტრირებაზეა კონცენტრირებული, ამიტომაც სილვასა და "ჩელსის" მცველ მარკოს ალონსოს თაობაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეჩერებულია.