"მათთვის უმჯობესია წავიდნენ", - ლაპორტამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსელონა უშვებს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კატალონიურ გრანდს სამუელ უმტიტისთან და მარტინ ბრეიტუეიტთან განშორება სურს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგ მცველს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" თანამშრომლობის ვადა 2026 წელს ეწურება, ხოლო დანიელ თავდამსხმელს 2024 წელს.
"უმტიტისა და ბრეიტუეიტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ, მაგრამ მიხვდნენ, რომ მწვრთნელს ისინი არ სჭირდება. ამიტომაც მათთვის უმჯობესია "ბარსადან" წავიდნენ".
"ბარსელონადან" კიდევ ბევრი ფეხბურთელის წასვლას ველოდებით. ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა ოპერაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ყველა ახალწვეულს და იმ ფეხბურთელს დავარეგისტრირებთ, ვინც ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს beIN Sports-ი.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "ბარსამ" რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია დიასი, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი და ჟიულ კუნდე დაიმატა, სერხი რობერტოსა და უსმან დემბელეს კი ახალი კონტრაქტები გაუფორმა.