ლევანდოვსკი: "ბარსელონაში ოქროს ბურთის მოსაგებად არ გადმოვსულვარ, სიცრუეა"

"ბარსელონას" ახალწვეულის, რობერტ ლევანდოვსკის განცხადებით, კატალონიურ გრანდში "ოქროს ბურთის" მოსაგებად არ გადასულა.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ მოტივაციას გუნდური წარმატება მაძლევს", - ციტირებს პოლონელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Sport1.de.
"ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ გადმოვსულვარ. ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება", - დასძინა "ბარსას" ახალწვეულმა.
როგორც აპრილში დაიწერა, ლევანდოვსკის კატალონიურ გრანდში გადასვლა იმისათვის უნდოდა, რათა "ოქროს ბურთის" მოგების მეტი შანსი ჰქონოდა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" 33 წლის ფორვარდში მიუნხენის "ბაიერნს" 45 მილიონ ევროს გადაუხდის, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.