ჩელსიმ ვერნერი 20 მილიონ ევროდ გაყიდა — ფაბრიციო რომანო
"ჩელსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი კარიერას "ლაიფციგში" გააგრძელებს, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი "არისტოკრატებს" 26 წლის ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ლონდონელები დამატებით თანხას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიიღებენ.
როგორც აღინიშნება, დღეს, 9 აგვისტოს, ტიმო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ვერნერი "შტეინჰალდენფელდისა" და "შტუტგარტის" აღზრდილია, 2016 წელს კი "ლაიფციგში" გადაბარგდა, სადაც 156 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 90 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი პასი გააკეთა.
2020 წელს გერმანელი ფორვარდი 53 მილიონად "ჩელსიმ" იყიდა. ვერნერის ლონდონური კარიერა წარმატებული არ აღმოჩნდა: 89 შეხვედრაში მან მხოლოდ 23 გოლი გაიტანა და 21 ასისტი მიითვალა.