ფრენკი დე იონგი ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილზე ძალიან გაბრაზებულია
"ბარსელონას" ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბს მასთან განშორება სურს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდს 25 წლის ჰოლანდიელის გაშვება საჭირო თანხის მისაღებად და სახელფასო ხარჯების შესამცირებლად სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგი ბოლო კვირებში კლუბის ბოსების მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა. ფრენკის ყველაზე მეტად თანამემამულემ გაუცრუა იმედები - "ბარსელონას" ორგანიზაციული სტრუქტურის თანამშრომელმა, ხორდი კრუიფმა.
როგორც იწერება, დე იონგს ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეუძლიათ მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსია წარმოადგინონ.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" დე იონგისა და კლუბის კიდევ ორი ფეხბურთელის კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში წინა ხელმძღვანელობის მიერ გაფორმდა, სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.