ავტორიზაცია

დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების თარიღი შეიცვლება

დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების თარიღი შეიცვლება
თარიღი 10 აგვ 2022, 16:26

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება შესაძლოა ერთი დღით გადმოწიონ, რათა ყატარმა გახსნის მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

The Athletic წერს რომ ფიფა, უდიდესი ალბათობით, ტურნირის დაწყების თარიღს შეცვლის, რათა გათამაშება მისმა მასპინძელმა, ყატარის ნაკრებმა გახსნას. ამ დრომდე, გახსნის მატჩად 2022 წლის 21 ნოემბერს სენეგალი - ჰოლანდიის დაპირისპირებაა ჩანიშნული.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების თარიღის შეცვლას ფიფას საბჭოს ბიურო უნდა დაეთანხმოს, რომელშიც სხვადასხვა კონტინენტების საფეხბურთო ორგანიზაციები შედიან.

დიდი ალბათობით, ამ იდეას მხარს დაუჭერენ და მსოფლიო ჩემპიონატი არა 21 ნოემბერს, როგორც თავდაპირველად ითქვა, არამედ 20 ნოემბერს დაიწყება, დასრულებით კი სტანდარტულად 18 დეკემბერს დამთავრდება.

2006 წლიდან დაწყებული, ყველა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძელი ხსნის და ფიფას სურს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს.

2022 წლის მუნდიალი 21 ნოემბერს სენეგალი - ჰოლანდიის მატჩით უნდა დაწყებულიყო, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართებოდა, ყატარისა და ეკვადორის დაპირისპირება კი 20:00 საათზე იყო ჩანიშნული.

შესაძლებელი იყო მატჩების თანმიმდევრობის გადანაცვლებაც, მაგრამ თბილისის დროით 14:00 საათზე ეკვადორში დილის 5 საათი იქნება, რაც ადგილობრივ მაყურებელს საკუთარი ნაკრების თამაშის ხილვაზე პრობლემას შეუქმნიდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ტურნირი უბრალოდ ერთი დღით ადრე დაიწყოს.