უთანხმოება გრძელდება — დე იონგის იურისტებმა ლა ლიგას და FIFPro-ს ბარსას ბოსების ქმედებების შესახებ ამცნეს
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კატალონიურ გრანდთან 2026 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვას აპირებს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ჰოლანდიელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში წარმატების მიღწევა უნდა. იგი "ჩელსიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლას არ აპირებს, რომელსაც "ბლაუგრანა" ფეხბურთელის 85 მილიონ ევროიან ტრანსფერზე შეუთანხმდა.
დე იონგზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტიც, რომ "ბარსა" მის კონტრაქტთან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. მისი აზრით, ამ გზით კლუბი აიძულებს ანაზღაურების შემცირებაზე დაითანხმოს.
როგორც ფრენკის გარემოცვამ Mundo Deportivo-ს აცნობა, იურისტები ყურადღებით აკვირდებიან "ბარსელონას" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ფეხბურთელის მხარემ ესპანეთის ფეხბურთელთა კავშირს, FIFPro-სა და ლა ლიგას, რომელმაც 2020 წელს დე იონგის კონტრაქტი დაამტკიცა, კატალონიელთა ქმედებების შესახებ უკვე ამცნო. ლიგამ ხერარდ პიკეს, კლემან ლანგლესა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ხელშეკრულებებსაც აუნთო მწვანე.
დე იონგი თავს "ბარსას" მსხვერპლად თვლის, მისი აზრით, კლუბმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო, რისი მიზანიც მისი იმიჯის გაუარესებაა. ფეხბურთელისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ დანებებას არ აპირებს. დე იონგის ახლობლები მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შანსებს "0,0 პროცენტად" აფასებენ.
დე იონგის გარემოცვამ Mundo Deportivo-ს ისიც აცნობა, რომ "იგი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია და პოზიტიურადაა განწყობილი". ფრენკი სეზონის დაწყებას ელოდება და "ბარსას" რიგებში ტიტულებისთვის ბრძოლას გეგმავს. გარდა ამისა, დე იონგის გარემოცვამ ისიც აღნიშნა, რომ მოთამაშეს ხავისთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ფრენკი მოვლენების განვითარებას ელოდება, მაგრამ ახლა არანაირი განცხადების გაკეთება არ უნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. მისი აგენტებიც არ აპირებენ დუმილის დარღვევას, რადგან როგორც ფიქრობენ, ახლა მათმა ნებისმიერმა განცხადებამ შესაძლოა ფეხბურთელს ზიანი მიაყენოს.