"ძლიერი იმპულსი მჭირდებოდა", - ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან ბარსაში გადასვლის მიზეზები დეტალურად ახსნა

"ბარსელონას" ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აღწერა ის ემოციები, რომლებიც კატალონიურ გრანდში გადასვლის შემდგომ განიცადა.
33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნიდან" შეუერთდა.
– პოლონურ მედიასთან პრესკონფერენციაზე თქვი, რომ კომფორტის ზონიდან გახვედი, როცა აქ გადმოსვლა გადაწყვიტე.
"ვიცოდი, რომ "ბაიერნში" ჩემი კარიერა შეუცვლელი იყო. გამოწვევები მენატრებოდა. გერმანიაში მომდევნო გოლები და ტიტულები, ცხადია, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს აღარ მაკმაყოფილებდა. ვაღიარებ, ამ მხრივ პრობლემები დამეწყო. ძლიერი იმპულსი მჭირდებოდა, ეს კი მხოლოდ ტრანსფერი იქნებოდა. სამუშაო ადგილის შეცვლა და ახალი გამოწვევები".
"დღეს თავს ბავშვად ვგრძნობ, რომელიც ახალი სათამაშოებით სავსე მაღაზიაში შევიდა".
– ეს შესამჩნევია.
"რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაივლის, მაგრამ ამ პროექტისგან შთაგონება უბრალოდ წარმოუდგენელია. ყოველთვის მინდოდა ლა ლიგაში თამაში, ესპანეთში ცხოვრება, იმის ნახვა, თუ როგორია აქ ყოფნა".
"12 წელიწადი გერმანიაში - ეს დიდი დროა. ბუნდესლიგაში ყველაფერს მივაღწიე. არ მინდოდა ათი წლის შემდეგ სარკის წინ დავმდგარიყავი და საკუთარი თავისთვის მეკითხა: "რატომ არ სცადე?" ბევრი კითხვა დამებადებოდა, რომლებზეც პასუხის გაცემას ვერ შევძლებდი", - დასძინა ლევანდოვსკიმ.