აგენტი რონალდუს ორ იტალიურ კლუბს სთავაზობს და მზადაა, მათ ვარსკვლავების გაყიდვაში დაეხმაროს
პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში აქტიურად ეძებს კრიშტიანუ რონალდუსთვის კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს.
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მენდეშმა ორ იტალიურ გუნდთან, „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ განაახლა კონტაქტი.
ნეაპოლიტანელებს ამჟამად საკმარისად ჰყავთ შემტევები, თუმცა მენდეში მზადაა, „ნაპოლის“ ვარსკვლავური ვიქტორ ოსიმენის გაყიდვაში დაეხმაროს, თუ ისინი რონალდუს დამატებას მოისურვებენ - მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ნიგერიელი ფორვარდი „იუნაიტედმა“, სწორედ რონალდუს შემცვლელად წაიყვანოს.
ნეაპოლელების გარდა, კონტაქტი მიმდინარეობს „მილანთანაც“ - მენდეში „როსონერის“ ანალოგიურ სიტუაციას სთავაზობს რაფაელ ლეაუსთან დაკავშირებით, თუმცა მილანური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და ამაზე არც არასდროს არ უფიქრია.
ასევე, მენდეში განიხილავს სხვა კლუბებსაც, რომელთა შორის არიან „ჩელსი“, „მარსელი“ და „სპორტინგი“.