გატუზო სელტასთან მატჩის შემდეგ: "მათი სტანდარტის დროს, მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივი შეასრულა"
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში "ვალენსია" "ვიგოს სელტას" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, 21 წლის მეკარემ ორი ბრწყინვალე სეივი გააკეთა. ეს ქართველისთვის მეორე მშრალად შენახული კარია ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
მატჩის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შეხვედრა შეაფასა და მამარდაშვილის თამაშიც გამოარჩია.
"მარტო დიახაბიმ არა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ყველა მათგანის თამაშს გამოვარჩევდი. დაცვამ, ნახევარდაცვამ, თავდასხმამ ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს. მამარდაშვილმაც შესანიშნავი სეივი შეასრულა მათი სტანდარტის დროს. ვიმედოვნებ, რომ გუნდი გამარჯვებას მოპოვებას სტუმრადაც შეძლებს ",- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.