გრიზმანის ფილმის გადაღების გამო, ბარსელონა პიკეს სოლიდური თანხით დაჯარიმებას უპირებდა

„ბარსელონას“ ჟერარ პიკეს დაჯარიმება სურდა ანტუან გრიზმანის ფილმის გამო, მაგრამ გადაიფიქრა.
როგორც იცით, 2018 წლის ივნისში ფრანგმა გამოუშვა კომპანია Kosmos-ის გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც პიკეს ეკუთვნის. ფილმის ბოლოს, გრიზმანმა, რომელიც იმ დროს „ატლეტიკოში“ თამაშობდა, კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება გაამჟღავნა, მიუხედავად იმისა, რომ მას „ბარსელონა“ აქტიურად ეპატიჟებოდა.
El Mundo-ს ინფორმაციით, შიდა გამოძიების შემდეგ, „ბარსამ“ დაადგინა, რომ პიკეს თვიური ხელფასის 25%-ით დაჯარიმება შეუძლია (დაახლოებით 300 ათასი ევრო). კლუბის აზრით, ფეხბურთელმა კონტრაქტის ორი პირობა დაარღვია.
ჟოზეპ ბართომეუმ, რომელიც იმ დროს გუნდს ედგა სათავეში, დაასკვნა, რომ პიკე საკუთარ ინტერესებს კლუბისაზე მაღლა აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მან გრიზმანის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.
საბოლოოდ, „ბარსამ“ დაჯარიმებაზე უარის თქმა გადაწყვიტა, იმიტომ რომ კლუბის აზრით, ეს მედიაში დიდ სკანდალს გამოიწვევდა და გარდა ამისა, „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები იყო მოახლოვებული.