ავტორიზაცია

რაღაც ნამდვილად გამოგრჩებოდათ - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის 20 გამორჩეული ტრანსფერი

რაღაც ნამდვილად გამოგრჩებოდათ - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის 20 გამორჩეული ტრანსფერი
თარიღი 01 თებ 2023, 23:45
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ტრანსფერებზე და იჯარებზე საკმაოდ მდიდარი გამოდგა.

ამ სიაში ვერ იპოვით ჰაკიმ ზიეჩს, რომლის იჯარაც „ჩელსიდან“ „პსჟ-ში“ საბუთების გაფორმების დაგვიანების გამო ჩაიშალა.

ჟოაო კანსელუ (მან სიტიდან ბაიერნში, იჯარა)



იჯარა სეზონის ბოლომდე და გამოსასყიდი თანხა - 70 მილიონი ევრო. როგორც წერენ, კანსელუ პეპს ეჩხუბა (თუმცა თავად ამას უარყოფს). თავადვე ძალიან სურდა „სიტიდან“ წასვლა და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გამო აირჩია.

ჟორჟინიო (ჩელსიდან არსენალში, 13.6 მლნ ევრო)

ალბათ, ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი. „ჩელსის“ ისედაც ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, სეზონი არც ისე წარმატებით მიმდინარეობს, გრემ პოტერისთვის კი ჟორჟინიო არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორიც მაურიციო სარისთვის და თომას ტუხელისთვის იყო. „არსენალი“ კი ჩემპიონობისკენ მიისწრაფის და ცენტრის ფეხბურთელი სჭირდებოდა.

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი პარტეის და ჯაკას სტილით საერთოდ არ ჰგავს. ამიტომ ვნახოთ, როგორ მოერგება ის არტეტას ფეხბურთს.

ენცო ფერნანდესი (ბენფიკადან ჩელსიში, 120 მილიონი ევრო)

ზამთრის და მთლიანად პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი.

მსოფლიოს ახალი ჩემპიონი და მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა „ჩელსიში“ საბოლოოდ მაინც მოვიდა. ფეხბურთელი ტრანსფერზე ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დაითანხმეს, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებებში სირთულეები გამოჩნდა. ჟორჟინიოს წასვლის გამო, კონკურენცია უფრო სუსტი იქნება და 120-მილიონიან ფეხბურთელს ნდობა ნამდვილად ექნება. საკითხი მხოლოდ ადაპტაციას ეხება.

ფაქტია, „ბენფიკამ“ ბიზნესის კეთება იცის - 6 თვის წინ ფეხბურთელი დაახლოებით 20 მილიონად დაიმატა, ზამთარში კი 120-ად გაყიდა.

მარსელ ზაბიცერი (ბაიერნიდან მან იუნაიტედში, იჯარა)



კრისტიან ერიქსენის მძიმე ტრავმამ „ემიუს“ ბაზარზე გასვლა აიძულა. დანიელი მოედანს აპრილი/მაისამდე ჩამოშორდა და ამიტომ, „ეშმაკებმა“ ზაბიცერი დაიმატეს, რომელიც „ბაიერნში“ „ლაიპციგიდან“ ჯერ კიდევ გასულ სეზონში გადავიდა, თუმცა „რედ ბულში“ ლიდერიდან მიუნხენში თადარიგის ფეხბურთელამდე ჩამოქვეითდა და „ემიუში“ რესტარტს ეცდება.

კეილორ ნავასი (პსჟ-დან ნოტინგემ ფორესტში, იჯარა)

კოსტარიკელი კიპერი დიდხანს ერბძოდა ჯანლუიჯი დონარუმას სასტარტოში ადგილისთვის, თუმცა კრისტოფ გალტიეს გუნდში სრულ რეზერვისტად იქცა. 36 წლის ნავასს ეს არ აკმაყოფილებდა და ამიტომ, ლიგის პლეი-ოფში სკამზე ჯდომას პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა არჩია.

ტორგან აზარი (დორტმუნდიდან პსვ-ში, იჯარა)

უფროსი ძმის მსგავსად, უმცროსი აზარის კარიერაც რეგრესს განიცდის: წლიდან წლამდე ის „დორტმუნდში“ უფრო და უფრო ნაკლებს თამაშობს, ახლა კი „პსვ-ში“ იჯარამდე ჩამოვიდა.

დიეგო ლორენტე (ლიდსიდან რომაში, იჯარა)

ესპანელი „ლიდსში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა, თუმცა მარსელობ იელსას წასვლიდან იერარქიიდან ნელ-ნელა ჩამოქვეითდა და წელს პლ-ში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ახლა ის ჟოზე მოურინიოსთან ითამაშებს, რომელიც პრემიერ ლიგის გამოცდილების მქონე ცენტრალურ მცველზე უარს რა თქმა უნდა არ იტყვის.

ფლორიან ტოვენი (ტიგრესიდან უდინეზეში, თავისუფალი აგენტი)



2021 წელს ფრანგმა მექსიკურ „ტიგრესს“ მიაშურა, თუმცა ეს თავგადასავალი ორ სეზონს გაგრძელდა და დამთავრდა. ტოვენი უკვე 30-ს არის და ჯერ კიდევ ახლახანს „მარსელში“ თამაშობდა, სხვა ლიგაში თამაშის გამოცდილება კი მცირე აქვს - 2015/16-ში „ნიუკასლში“ მოსინჯა ძალები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ჰამედ ტრაორე (სასუოლოდან ბორნმუთში, იჯარა სავალდებულო გამოსყიდვით 30 მლნ ევროდ)

შემტევი ნახევარმცველი პრემიერ ლიგაშ მიდის. 22 წლის ივუარიელი უკვე მეოთხე წელია კარგ დონეზე თამაშობს და „ბორნმუთის“ ყურადღება მიიქცია.

ტერემ მოფი (ლორიანიდან ნიცაში, იჯარა სავალდებულო გამოსყიდვით 30 მლნ ევროდ)

23 წლის ნიგერიელი ფორვარდი „ლორიანის“ საუკეთესო ფორვარდი იყო (12 გოლი 18 მატჩში, მეტი მხოლოდ მბაპეს აქვს), ტარანის ტიპი ფორვარდი შესანიშნავი სისწრაფით.

ჰარი სუტარი (სტოკ სიტიდან ლესტერში, 17 მლნ ევროდ)

ტრანსფერი იმით არის საინტერესო, რომ „ლესტერმა“ სუტარი 2022 წლის მუნდიალზე შენიშნა - იქ 24 წლის ავსტრალიელი ცენტრალური მცველი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და მეორე სართულის მეფე იყო, რაც მისი სიმაღლით (198 სმ) გასაკვირი არ ყოფილა)

ჯონჯო შელვი (ნიუკასლიდან ნოტინგემ ფორესტში, თანხა უცნობია)

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი და „ნიუკასლის“ ლეგენდა ამ სეზონში ცოტას თამაშობდა და პლ-ში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა - შელვიმ „კაჭკაჭების“ ფანებს თავი არამხოლოდ თავისი ვარცხნილობით, არამედ შვიდი წლის მანძილზე ერთგული თამაშით დაამახსოვრა, როცა გუნდი ჩემპიონშიფში გავარდნის დროსაც არ მიატოვა. ის მხოლოდ 30-საა და სკამზე ჯდომა არ სურს, ამიტომაც „ნოტინგემში“ წავიდა.

ილია ზაბარნი (დინამო კიევიდან ბორნმუთში, 22.5 მლნ ევრო)



მორიგი უკრაინელი ევროპის ტოპ-ლიგაში. როგორც ჩანს, უკრაინას შთამბეჭდავი თაობა ეზრდება. ზინჩენკოს, მიკოლენკოს და მუდრიკის შემდეგ, ზაბარნი უკვე მეოთხე უკრაინელი იქნება პრემიერ ლიგაში. ის ჯერ მხოლოდ 20-საა, თუმც ანაკრებში უკვე 24 მატჩის ჩატარება მოასწრო.

მეტ დოერტი (ტოტენჰემიდან ატლეტიკოში, თავისუფალი აგენტი)

„მარჯვენა მცველია ტოტენჰემიდან? შეგვიფუთეთ“, - ასეთი ფიქრები მოსდის ხოლმე თავში „ატლეტიკოს“. 31 წლის დოერტი ანტონიო კონტეს არ სჭირდებოდა და მოედანზე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა სხვა არავინ იყო. თუმცა, ახლა ლონდონელებმა პედრო პორო დაიმატეს 45 მილიონად და ამან „ატლეტიკოს“ ისტორიაში პირველ ირლანდიელს გაუთავისუფლა ადგილი. თავდაპირველად კლუბები იჯარას განიხილავდნენ, მაგრამ „ტოტენჰემს“ პრემიერ ლიგის ფარგლებს გარეთ უკვე 8 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული, რაც მაქსიმუმია. ამიტომ, კლუბმა დოერტის კონტრაქტი გაუწყვიტა.

ფელიპე (ატლეტიკოდან ნოტინგემ ფორესტში, 2.3 მლნე ვრო)

33 წლის ცენტრალურმა მცველმა „ატლეტიკოში“ „პორტუდან“ გადმოსვლის შემდეგ 3.5 სეზონი გაატარა, საიდანაც ბოლო წელიწადნახევარი ჩაუვარდა. ბრაზილიელი ადრე ხშირად თამაშობდა, წელს კი მხოლოდ 3 მატჩი დაუგროვდა და გადაწყვიტა, რომ პლ-ში მოსინჯოს ძალები.

ფილიპ მაქსი (პსვ-დან აინტრახტში, იჯარა)

მარცხენა მცველი ნიდერლანდებში 2.5 წლის შემდეგ გერმანიაში ბრუნდება. 29 წლის მაქსი „აინტრახტმა“ ინათხოვრა. ოდესღაც ის გერმანიის ძირითადის პრეტენდენტი იყო, მაგრამ დიდ კარიერულ პროგრესს ვერ მიაღწია.

ექტორ ბელერინი (ბარსელონადან სპორტინგში, იჯარა)



დიახ, ექტორ ბელერინი ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ ირიცხებოდა და იანვარში ორ მატჩშიც ითამაშა (თასზე, მესამე დივიზიონის გუნდებთან). ექტორი უკვე 27 წლისაა და „სპორტინგში“ გადასვლა მას უფრო ხშირად მოედანზე გასვლაში ნამდვილად დაეხმარება. სეზონის ბოლოს ფეხბურთელს „ბარსასთან“ კონტრაქტიც ეწურება და მოწონების შემთხვევაში, „სპორტინგს“ ესპანელის დატოვება უფასოდ შეეძლება.

პედრო პორო (სპორტინგიდან ტოტენჰემში, 45 მლნ ევრო)

„ტოტენჰემი“ ესპანელ ლატერალზე იანვრის დასაწყისიდან ნადირობდა, მაგრამ „სპორტინგს“ ფასზე ვერ ურიგდებოდა. იდეალური ფეხბურთელი კონტეს სისტემისთვის - როცა გუნდი სამი მცველით თამაშობს.

კამალ სულემანა (რენიდან საუთჰემპტონში, 25 მლნ ევრო)

ეს ტრანსფეირ პრემიერ ლიგის გუნდის მხრიდან არც ისე კარგად ნაფიქრ და ნამუშევარს ჰგავს: კლუბმა გადაიხადა 25 მილიონი 20 წლის ფეხბურთელში, რომელსაც ტოპ-5 ლიგებში მხოლოდ 34 მატჩი აქვს სეზონნახევარში გატარებული. ჯერ კიდევ წინა სეზონში სულემანა სასტარტოში ხშირად ხვდებოდა, წელს კი საშუალოდ ერთ მატჩში 20 წუთს თამაშობს.

ვიტინია (ბრაგადან მარსელში, 32 მლნ ევრო)

ლიგა 1-ში კიდევ ერთი ვიტინია გამოჩნდა - 22 წლის ფორვარდი „მარსელში“ „ბრაგადან“ ფრანგული გუნდისთვის სარეკორდო თანხად გადავიდა. ის მაღალ დონეზე მხოლოდ სეზონნახევარია თამაშობს, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატის 41 მატჩში 14+4 გოლ/ასისტი მიითვალა.