ავტორიზაცია

VIDEO: გადაკეტილი ქუჩები მესტალიასთან, მასობრივი პროტესტები და კატეგორიული მოთხოვნა - რა ხდება მამარდას ვალენსიაში?

თარიღი 12 Feb 2023, 20:15
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა, ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ, რომელშიც მათი საყვარელი გუნდი ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა, კლუბის მფლობელის, პიტერ ლიმის გადადგომა მასობრივი აქციით მოითხოვეს.

ფანებმა სტადიონ „მესტალიას“ გარშემო ქუჩები გადაკეტეს, მათ უმრავლესობას ხელში ეკავა ბანერები წარწერით: „ლიმ, წადი სახლში“ და იგივეს სკანდირებდნენ ისინი სიტყვიერადაც.

უკვე რამდენიმე წელია, ქომაგები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სინგაპურელი მფლობელის, პიტერ ლიმის ხელმძღვანელობით, რომელიც პირადი ინტერესების გამო უშვებს გუნდიდან ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა დანი პარეხო, ათავისუფლებს წარმატებულ მწვრთნელებს (მარსელინო) და ნიშნავს ამ პოზიციებზე თავის მეგობრებს (გარი ნევილი).

ლიმის ხელმძღვანელობით, „ვალენსია“ ევროთასებზე მებრძოლი ერთ-ერთი ესპანური გიგანტიდან ჩამოქვეითდა გუნდამდე, რომელიც ლა ლიგაშიც გადარჩენისთვის იბრძვის.



პრიმერა დივიზიონის 21 ტურში გუნდმა მხოლოდ 20 ქულა მოაგროვა, ბოლო ზედიზედ 4 მატჩი წააგო და გატუზოს გაშვებისა და დროებით მწვრთნელად უკვე მერვედ ვოროს დანიშვნის მიუხედავად, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება.

მიუხედავად პროტესტების და თითქმის ცარიელი ტრიბუნებისა, „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ მატჩში სწრაფად მოახერხა დაწინაურება, თავი სამუ კასტილიეხომ გამოიჩინა. თუმცა, სიტუაცია მალევე თავდაყირა დადგა და საბოლოოდ, „ბილბაომ“ ჯერ ნიკო უილიამსის და შემდეგ ოიჰან სანსეტის გოლებით მატჩის მოგება მოახერხა.

დიდი პროტესტების მიუხედავად, პრესაში მხოლოდ იშვიათად თუ გაჟღერდება ჭორის დონეზე საუბრები, რომ პიტერ ლიმი გუნდის გაყიდვას გეგმავს - რეალურად, აქამდე საქმე ჯერ ახლოსაც არასდროს მისულა და სინგაპურელი ფუნქციონერი ისტორიულად დიდი გუნდის წარმატებით დაქცევას აგრძელებს. საქმე იქამდეც მისულა, რომ კლუბს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში კომენტარების ფუნქციის გათიშვა უწევდა, რადგან გულშემატკივრები საკუთარ უკმაყოფილებას ინტერნეტიდანაც ვერ მალავდნენ.