რეალმა ზაფხულში ბენზემას შემცვლელად შესაძლოა საკუთარი აღზრდილი დააბრუნოს
გამომდინარე იქიდან, რომ მარიანო დიასი 30 ივნისს მადრიდის „რეალს" ტოვებს, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობამ ბაზარზე შემტევის ძიება დაიწყო.
„რეალის" ხელმძღვანელობის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძინონ ფორვარდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კარგად მოახერხებს კარიმ ბენზემას შეცვლას მომდევნო სეზონში.
თუ ესპანურ გამოცემა Relevo-ს დავეყრდნობით, „რეალის" ყურადღების ცენტრში გუნდის აღზრდილი ხოსელუ მოექცა, რომელმაც ამ სეზონში „ესპანიოლის" მაისურით 31 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.
ხოსელუს ტრანსფერი იაფი დაჯდება, მისთვის „რეალი" სიახლეს არ წარმოადგენს - მან ახალგაზრდული წლები მადრიდელთა ბაზაზე გაატარა და პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.
გარდა ამისა, ხოსელუ „რეალის" ერთ-ერთი ვეტერანის, დანი კარვახალის ნათესავიც არის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ზაფხულში „რეალმა" 33 წლის ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება სცადოს.