ავტორიზაცია

მბაპე, ნეიმარი, რონალდინიო, ოსიმენი - მსოფლიო ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ

მბაპე, ნეიმარი, რონალდინიო, ოსიმენი - მსოფლიო ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ
თარიღი 22 მაი 2023, 23:22
კილიან მბაპე, ნეიმარი, ვიქტორ ოსიმენი და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები, რასისტული შეურაცხყოფების ფონზე, ვინისიუს ჯუნიორს გამოექომაგნენ.

გუშინ „რეალი“ „ვალენსიასთან“ სტუმრად ლა ლიგის 35-ე ტურში დამარცხდა (0:1). მატჩის მსვლელობისას, მასპინძელი გუნდის ფანები ბრაზილიელს სხვადასხვა რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებდნენ და მათ შორის მაიმუნსაც ეძახდნენ. ამის გამო, თამაში 8 წუთით შეწყდა.

ვინისიუსს ნერვებმა უმტყუან და „ვალენსიას“ ფეხბურთელ უგო დუროს ხელი გაარტყა, რის გამოც ფეხბურთელებს შორის მოედანზე კონფლიქტი წარმოიშვა და ბრაზილიელი მოედნიდან გააძევეს.

თამაშის შემდეგ, ვინისიუსმა ლა ლიგა და ესპანეთი რასისტობაში დაადანაშაულა, მისი თქმით, ლიგა არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად.

საბოლოოდ, ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ვინისიუსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ:

კილიან მბაპე: „შენ მარტო არ ხარ. შენთან ვართ და მხარს გიჭერთ!“

ნეიმარი: „შენთან ვარ“

ენტონი: „შენთან ვარ, ძმაო. სამუდამოდ“

კაილ უოკერი: „შენთან ვართ, ბრო! რასიზმი ვერ გაიმარჯვებს“.

კალიდუ კულიბალი: „წინ, ვინი. არა რასიზმს“

ვიქტორ ოსიმენი: „ისინი ვერ გაგტეხავენ.“

გარეტ ბეილი: „საფეხბურთო საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის. ლა ლიგამ სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი და შეაჩეროს ეს. ჩემი მხარდაჭერა ვინის.“

რონალდინიო: „არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმედი მაქვს, ვინის შემთხვევა დაეხმარება ზემდგომებს, რომ ასეთი ადამიანები სტადიონებიდან გააძევონ. იყო შავკანიანი - საამაყოა.“

კაკა: „ჩვენ შენთან ვართ, ვინი. რასიზმის ადგილი აქ არ არის.“

რაფაელ ვარანი: „ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენი თამაში. ვინი - ჩვენ შენთან ვართ“

ჟოაო ფელიქსი: „ის, რაც ვინის მისამართით ხდება - უსამართლობაა.“

გაბრიელ ჟესუსი: „დაუშვებელია.“

ლუის ჰემილტონი: „შენთან ვართ, ვინი“

რიო ფერდინანდი: „რამდენჯერ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, რომ გამოფხიზლდეთ? შენთან ვართ, ბიჭო.“

ვენსან კომპანი: „გული სისხლით მეღვრება, როცა ამ სურათებს ვხედავ. ჩვენი მამების და დედების, ბებიების და ბაბუების მიერ იმდენი რაღაც იქნა გაკეთებული... და ბრძოლა მაიცნ არ არის დასრულებული. ჩვენი შვილები არ გაიზრდებიან სამყაროში, რომელშიც დისკრიმინაციას და ზიზღს აქვს ადგილი. მათ ეცოდინებათ საკუთარი ფასი და არასდროს დაუჩოქებენ იმათ, ვისაც სძულს, ვინც განასხვავებს და ამცირებს. ვინისიუს, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ერთად ვდგავართ, იმაზე ძლიერად, ვიდრე ოდესმე.“

ბუნებრივია, ყველა ვარსკვლავის გამოხმაურების დამატება შეუძლებელი იქნებოდა.